Tuesday 19 May 2009


1921 წლის 11 თებერვალს ოთხი საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს თავს ხუთი მხრიდან დაესხა.
დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადასარჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნებას, დაეცვა სამშობლოს თავისუფლება.

" ათიათასობით გამოვიდა ქართველობა და სუსხიან ზამთარში მაღალ ქედებზე რაზმებად გაიშალა. სამშობლოს დაცვა დღეს უნივერსალურ აღზნებას იწვევს ქართველ კაცში... დღეს ის სხვა კაცია, იგი პატროტია. ამ პატრიოტიზმმა გადაარჩინა საქართველო ამ სამი წლის განმავლობაში განსაცდელს, იგივე პატრიოტიზმი წინ აღუდგება იმ მტრულ ძალებს, რომელნიც გარს გვერტყმიან. თუ კარგად მოვუარეთ ამ გაღვიძებულ პატრიოტიზმს, საქართველო დღესაც გამარჯვებული გამოვა"
გაზეთი "საქართველო" , 1921 წელი


ბოლშევიკური რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებისათვის შესაფერის დროს ელოდა. გარკვეული სიფრთხილე, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა სართაშორისო გართულებას გამოიწვევდა, აბრკოლებდა საქართველოში მათ შემოჭრას. თუმცა ბოლშევიკ ლიდერთა შორის ყველა როდი ერიდებოდა საერთაშორისო რეზონანს.

"არ გვგონია საეჭვო იყოს, რომ მძიმე წუთებში ანტანტა ისევე მიატოვებს საქართველოს, როგორც სომხეთი მიატოვა"


ი.სტალინი
ფრაგმენტი ი.სტალინის დეპეშიდან სერგო ორჯონიკიძისადმი:
"...ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება, გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნას სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია, გადაწყდა აგრეთვე საქრათველოს ფრონტს გაეგზავნოს შეკითხვა ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, თუ კიდევ რა ძალები დაგვჭირდება იმისათვის, რათა საქართველო უეჭველად დავამარცხოთ.
  მსოფლიო საზოგადოების თვალის ასახვევად რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ ხალხის აჯანყების სცენა გაითამაშა. მას შემდეგ რაც, საქართველოს მოსახლეობის აჯანყების გამოწვევა ვერ მოხერხდა, პროვოკაცია დაიგეგმა ლორეს ნეიტრალურ ოლქში, რომელიც საქართველოს მთავრობის იურისდიქციაში არ შედიოდა.11 თებერვალს ლორეს რამდენიმე სოფელში რუსმა და სომეხმა წითელარმიელებმა და არა ადგილობრივმა მოსახლეობამ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების დროშა ააფრიალეს.
  მალე აჯანყებულთა დასახმარებლად წითელი არმია დაიძრა. სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და ქართველ ბოლშევიკთა სხვა ლიდერები სტალინის მითითიებით-".. ახლავე შუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი(თბილისი)..."-...რუსეთის არმიას საქართველოში შემოუძღვნენ.
  საქართველოს ჯარმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან , სოჭიდან , მამისონიდან და დარიალის უღელტეხილებიდან შემოჭრილ წითელ არმიას. 18-22 თებერვალს ცხარე ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში. ბრძოლებში, რომლებშიც ბოლშევიკური არმია უკუქცეულ იქნა , განსაკუთრებით ისახელეს თავი სამხედრო სასწავლებლის იუნკრებმა.
  წარმატების მიუხედავად, მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ თბილისის დაცვა შეუძლებლად სცნო. მთავრობამ დედაქალაქის დატოვების ბრძანება გასცა. 25 თებერვალს წითელარმიელები თბილისში შემოვიდნენ. ს.ორჯონიკიძემ ლენინს აცნობა დეპეშით: 
  " თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა-გაუმარჯოს საბჭოთა საქართაველოს".
  საქართველოს ჯარი მათ წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებდა. 18 მარტს მთავრობამ დატოვა საქართველოს ტერიტორია და საფრანგეთს შეეაფარა თავი.
  საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეგუებია ბოლშევიკურ რეჟიმს, რომელმაც დემოკრატიულ მმართველობასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობაც მოსპო.! 

 

    გამოყენებული ლიტერატურა: 

   
  1.დავით მალაზონია " საქართველოს ისტორია"
  2."კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია"---ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ბეჭდვითი 
  ორგანო. ვაშინგტონი 1955 წელი.